By rgonashvili at 6 years ago
1131 views
25 წელიწადი!.. იცი, მნახველო, ეს 25 წელიწადი რა 25 წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც ამ უღელში შებმულა! მეორე, ეგ 25 წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც კარგსაც და ცუდსაც ერთნაირი შემართებით ხვდება, ვინც ჭირსაც უძლებს და ლხინსაც, ვინც ტვინსა და გულს მოძრაობა მისცა, სიყვარულს ფეხი აადგმევინა, მოეფერა, გაუფრთხილდა, გაზარდა... ეს ის 25 წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო 25 წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.





